პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული ოცნება ქმნის იმ ადამიანების საჯარო ბაზას, რომელშიც, მისივე თქმით, ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართული, ან "ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს."
ბრიფინგზე მან ასევე განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები პარლამენტზე "ძალადობრივ შტურმს" ახორციელებდნენ და სამართალდამცავებს თავს ესხმოდნენ. გარდა ამისა, პაპუაშვილის თქმით, ხორციელდება შანტაჟი საზოგადოების ცნობილი წევრების მიმართ, რაც "მშვიდობიანი პროტესტის კულტურას სცდება."
"2012 წლიდან მშვიდობიანი პროტესტის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში უმაღლესი სტანდარტებით არის უზრუნველყოფილი, რაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმაც მკაფიოდ დაადასტურა. ამასთან, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად, დაუპირისპირდეს ყოველგვარ ძალადობასა და კანონ დარღვევას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან პროტესტთან, შეკრებასა და გამოხატვასთან.
სამწუხაროდ ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია და მის გარშემო ჩამოყალიბებული ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებები მოქმედებენ აკერმანისა და Canvas-ის ძალადობრივი ინსტრუქციის შესაბამისად და რეგულარულად მიმართავენ მოქმედების ძალადობრივ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფორმებს, აღვივებენ ზიზღს, ამკვიდრებენ მტრულ რიტორიკას.
ბოლო კვირების განმავლობაში საზოგადოებამ იხილა პარლამენტის შენობის ძალადობრივი შტურმი, სამართალდამცავებზე თავდასხმა, კანონსაწინააღმდეგო მეთოდებით მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა და ამით უკმაყოფილო მოქალაქეებზე და ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა. აგრეთვე მქარა და შანტაჟი, რომლებსაც ისინი ხელოვანების, სპორტსმენების, პოლიტიკოსის და საზოგადოების სხვა ცნობილი წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ იყენებენ. ეს ყველაფერი მშვიდობიანი პროტესტის იმ კულტურას, რომლითაც ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ამაყობდა და რომლის დანგრევასაც წლებია ცდილობდა ნაციონალური მოძრაობა.
ამ მიზნით, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებსვე, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში, მიღებულ იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოსა თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე", - თქვა პაპუაშვილმა.